Thursday 28 August 2014

ევროპული სკოლის კონფერენციის მოხსენება



საინფორმაციო ტექნოლოგიები - სწავლება-სწავლის ხარისხისა და მოტივაციის  ამაღლებისათვის
   რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება  თანამედროვე საგაკვეთილო პროცესში, როგორ და რა სიხშირით გამოვიყენოთ ის  სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის, უწყობს თუ არა ხელს ისტ რესურსის გამოყენება მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს მისი გამოყენება მოსწავლეებში-ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც საფუძვლად დაედო ჩემს საკონფერენციო მოხსენებას და რომელიც საგაკვეთილო პროცესში ისტ რესურსების გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.
    კომპიუტერი 21-ე საუკუნის სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მოსწავლეთა უმრავლესობა თანამედროვე ტექნოლოგიებს კარგად ფლობს და მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მათი სკოლისგარეშე დროის დიდი ნაწილი კომპიუტერებს უკავშირდება, ამიტომ ჩვენი, როგორც ფასილიტატორთა როლი იმაშია, რომ სწორად წარვმართოთ მოსწავლეთა მიერ კომპიუტერის გამოყენების უნარი, და თუ როგორ მოვგეზავთ მოსწავლეთა ამ უნარებს მათ სასარგებლოდ, ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.
    ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას მე, როგორც მათემატიკის მასწავლებელი, შემდეგი ძირითადი მიმართულებებით ვახდენ:
·         ვიყენებ ჩემს მიერ წინასწარ გამზადებულ ისტ რესურსებს საგაკვეთილო პროცესში
·         მოსწავლეები თვითონ ქმნიან სასწავლო რესურსებს ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით (დიაგრამებს, გრაფიკებს) საგაკვეთილო პროცესის დროს.
·         მოსწავლეები თვითონ ქმნიან სასწავლო რესურსებს არასაგაკვეთილო პროცესში ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით (მაგალითად, პროექტებზე მუშაობისას)
·         მოსწავლეები იყენებენ ისტ რესურსებს ინფორმაციის მოძიებისთვის არასაგაკვეთილო პროცესში
·          მოსწავლეები იყენებენ ისტ რესურსებს საპრეზენტაციოდ (მაგ.: სასკოლო კონფერენციაზე წარსადგენად)
·         ვიყენებ ისტ რესურსებს სადემონსტრაციოდ
·         ვიყენებ ისტ რესურსებს პრეზენტაციისთვის
  ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის იმ პერიოდიდან, საიდანაც ხელი მიგვიწვდება ისტ რესურსებზე, ვახდენ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების რეალიზებას საგაკვეთილო თუ არასაგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა აქტივობებით. ქვემოთ განვიხილავ თითოეულ მიმართულებას ცალ-ცალკე.

ჩემს მიერ წინასწარ გამზადებული ისტ რესურსების საგაკვეთილო პროცესში გამოყენება
   ხშირად საგაკვეთილო დროის სიმცირისა და ისტ რესურსების ხელმიუწვდომლობის გამო მოსახერხებელია ისტ ტექნოლოგიებით რესურსების წინასწარ გამზადება და შემდეგ საგაკვეთილო პროცესში მისი გამოყენება. მაგალითად,    მე-8-ე კლასში თემის: „განტოლებათა სისტემის ამოხსნა გრაფიკული ხერხით“  შესწავლის დროს გამოვიყენე ისტ რესურსი GeoGebra რომლის საშუალებითაც წინასწარ გავამზადე განტოლებათა სისტემის  გრაფიკული ხერხით ამოხსნის ის სამი შემთხვევა, რაც უნდა მესწავლებინა გაკვეთილზე.  გარდა ანალიზური მხარისა, მოსწავლეებმა ვიზუალურად აღიქვეს საკითხი და გაიგეს, თუ როდის აქვს განტოლებათა სისტემას ერთი ამონახსნი, როდის არა აქვს ამონახსნი და როდის აქვს უამრავი ამონახსნი. მოსწავლეებმა უშუალოდ დაინახეს მოცემული განტოლებების კოეფიციენტის ცვლილება როგორ ახდენს გავლენას გრაფიკის ცვლილებაზე.
     მე-5-ე კლასში კოორდინატების შესწავლის დროს Power-Point პროგრამის გამოყენებით საკოორდინატო ბადეზე სხვადასხვა სურათები გავამზადე და პროექტორით წარმოვადგინე კლასის წინაშე. მოსწავლეებმა კარგად აუღეს ალღო კოორდინატების შესწავლას. ისინი ხალისით ასახელებდნენ საკოორდინატო ბადეში ჩასმული ნებისმიერი საგნის,  ნახატის, გეომეტრიული ფიგურის და სხვა კოორდინატებს და, პირიქით, დასახელებული კოორდინატების შესაბამის უჯრაში ჩასმულ სურათს. ამ აქტივობამ გაკვეთილზე 15 წუთი დაიკავა და, ვფიქრობ, რომ თამაშით განხორციელდა საკითხის შესწავლა, რითაც მოსწავლეებში კიდევ მეტად ამაღლდა კოორდინატების შესწავლის მოტივაცია.
  ამავე კლასში ჩატარებულ მათემატიკურ ვიქტორინაზე, რომელიც მოსწავლის მათემატიკური და ზოგადი უნარების გამოყენებას და განვითარებას ემსახურებოდა, ისტ ტექნოლოგიები ეფექტურად გამოვიყენე. კერძოდ,  ჯგუფურად მსხდომ მოსწავლეებს ვიქტორინის ამოცანები ბარათებითაც ეძლეოდათ და პროექტორის საშუალებითაც გამომქონდა დავალებები, რადგანაც 5-6 მოსწავლისათვის ჯგუფში ერთი ბარათით ამოცანების გაცნობა მოუხერხებელი იქნებოდა, შემდეგ იგივე პროექტორი მოსწავლეებს ამცნობდა ამოცანის ამოსახსნელად განკუთვნილი დროის ამოწურვას და ასევე სწორ პასუხსაც, შემდეგ წინასწარ გამზადებულ ცხრილში ვახდენდი ქულების დაფიქსირებას ჯგუფების მიხედვით. ბოლოს, რა თქმა უნდა, გამარჯვებული ჯგუფიც გამოვლინდა და ამ ჯგუფის  ნომერიც დაფიქსირდა ეკრანზე.
   ისტ ტექნოლოგიებით მოსახერხებელია საკითხის ან რაიმე თემის შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარება წინასწარ გამზადებული ისტ  რესურსების გამოყენებით, მაგ.: მე-7-ე კლასში  ჩატარებულმა ასეთმა შემაჯამებელმა გაკვეთილმა ხალისით ჩაიარა, ეკრანზე ჩანდა თითოეული ჯგუფის მიერ გაცემული პასუხები საკითხების მიხედვით, აქაც გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი, რომლის წევრთა გვარებიც განთავსდა საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე.

მოსწავლეები თვითონ ქმნიან სასწავლო რესურსებს ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით  საგაკვეთილო პროცესის დროს.
   საგაკვეთილო პროცესში ისტ ტექნოლოგიების გამოყენება ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისტ-ის კაბინეტში მიმდინარეობს შესაბამისი საგნის  საგაკვეთილო პროცესი დაწყებით კლასებში, წლის დასაწყისში ან წლის ბოლოს კი მიმდინარეობს საგამოცდო პროცესები გამოსაშვებ კლასებში. მიუხედავად ამისა, ისტ ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში აუცილებელია ისეთი საკითხების გავლის დროს მაინც, როგორიცაა „ინფორმაციის წარმოდგენის ხერხები“. ამ საკითხის გავლის დროს მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები იყენებენ სხვადასხვა პროგრამებს და თავისი ხელით აგებენ სხვადასხვა სახის დიაგრამებს (წრიულს, ხაზოვანს, სვეტოვანს). მაგალითად მე-9-ე კლასში მათემატიკა-გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილის  ჩატარების დროს, მოსწავლეებს უნდა მოეხდინათ მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენება გეოგრაფიის ამოცანების ამოსახსნელად, კერძოდ, უნდა ეპოვათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ფართობებისა და მოსახლეობის რაოდენობების  ხვედრითი წილი, ასევე, კავკასიის მოსახლეობის ხვედრითი წილი, შემდეგ კი მოცემული შედეგების მიხედვით ასევე უნდა აეგოთ შესაბამისი დიაგრამები ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით. მოსწავლეები აგებული დიაგრამების საშუალებით უფრო ნათლად ხედავენ შედეგებს და ახდენენ შედარებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით (მაგ.: მათ დიაგრამების საშუალებით კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ კავკასიის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აზერბაიჯანელებზე მოდის). ასევე მოსწავლეების მიერ დაბა აგარაში მცხოვრები მოსახლეობის შესახებ  მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით ისინი ახდენენ ისტ-ის გამოყენებით ამ  მონაცემების სხვადასხვა ხერხით წარმოდგენას.  
მოსწავლეები თვითონ ქმნიან სასწავლო რესურსებს ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით არასაგაკვეთილო პროცესში
    თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესი  მოიცავს აქტიური სწავლების ისეთ მეთოდს, როგორიცაა პროექტებით სწავლება. ბუნებრივია ისიც, რომ პროექტებით სწავლებისას უმნიშვნელოვანესი როლი ისტ ტექნოლოგიების გამოყენებასაც აკისრია. მაგალითად, მე-7-ე კლასში საკითხის: „მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა“ დასრულების შემდეგ მოსწავლეები ვამუშავე პროექტზე: „კომპიუტერი და მისი გამოყენება“. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა გამოეკვლიათ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები: მოსწავლეები, სტუდენტები და მოსამსახურეები და გამოკითხვის საფუძველზე დაედგინათ, თუ რომელი თაობის ადამიანი რა სიხშირით  და რა საქმეში იყენებს კომპიუტერს, ვიდეო ფილმის საყურებლად, თამაშებისთვის, სოციალური ქსელებისთვის, ინფორმაციის მისაღებად თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. მოსწავლეებმა წინასწარ კომპიუტერის საშუალებით გაამზადეს კითხვარი, გაინაწილეს გამოსაკითხი ადამიანები თაობების მიხედვით, ჩაატარეს კვლევა-გამოკითხვა, შედეგები წარმოადგინეს ცხრილის საშუალებით, შემდეგ ააგეს შესაბამისი წრიული და სვეტოვანი დიაგრამები, გააფორმეს საპრეზენტაციო პროგრამა, სლაიდებში ჩასვეს ასევე კვლევის პროცესის ამსახველი ფოტოსურათები და ბოლოს დასრულებული მასალა წარმოადგინეს მოსწავლეთა სასკოლო მათემატიკურ კონფერენციაზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე. 
    მოსწავლეების მიერ არასაგაკვეთილო პროცესში შექმნილი ისტ რესურსის მაგალითს წარმოადგენს მე-9-ე კლასის მოსწავლის მიერ GeoGebra-ს საშუალებით შექმნილი რესურსი, რომელიც კვადრატული ფუნქციის საკითხის შესწავლას უკავშირდება და წარმოგვიდგენს კვადრატული ფუნქციის იმ ექვს შემთხვევას, რაზედაცაა დაფუძვნებული ამ ფუნქციის შესახებ არსებული ყველანაირი ინფორმაცია მისი თვისებების შესახებ. მოსწავლემ ეს მასალა წარმოადგინა მოსწავლეთა სასკოლო კონფერენციაზე.

მოსწავლეები იყენებენ ისტ რესურსებს ინფორმაციის მოძიებისთვის არასაგაკვეთილო პროცესში
   მათთვის, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტ რესურსების გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად არასაგაკვეთილო პროცესში. მაგ.: მე-9-ე კლასში საკითხის: „სიმეტრია“ შესწავლის დროს მოსწავლეებს ვთხოვე, ინტერნეტში მოეძიებინათ ინფორმაცია სიმეტრიის შესახებ, კერძოდ, ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა აირჩიეს ჩემს მიერ შეთავაზებული სფეროები, სადაც სიმეტრიის მაგალითები გვხვდება და მოიძიეს შესაბამისი მასალა. შეთავაზებული იყო შემდეგი საკითხები: „სიმეტრია ბუნებაში“, „სიმეტრია არქიტექტურაში“, „სიმეტრია ხელოვნებაში“, „სიმეტრია და მსოფლიო ქვეყნების დროშები“ და სხვა. მოსწავლეებმა საძიებო სისტემის გამოყენებით მოაგროვეს  და შეარჩიეს ინფორმაცია, შეასრულეს ნახატები,  გააფორმეს   და მოახდინეს მისი პრეზენტაცია მოსწავლეთა სასკოლო მათემატიკურ კონფერენციაზე,  ერთ-ერთი ჯგუფის ნამუშევარი შეირჩა და გაიგზავნა მოსწავლეთა რესპუბლიკურ შემოქმედებით კონფერენციაზე. გარდა საკითხის სიღრმისეულად შესწავლისა და ბუნების ჰარმონიულობაში სიმეტრიის დანახვისა, მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების და მისი გამოყენების არსებული უნარები.

    მოსწავლეები იყენებენ ისტ რესურსებს საპრეზენტაციოდ
   ზემოთ უკვე რამდენჯერმე ვახსენე, რომ მოსწავლეები საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით ახდენენ მათ მიერ შექმნილი რესურსების პრეზენტაციას. ამ მიმართულებით მოსწავლეების მიერ ისტ ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს „საქართველოს ფორუმ-2013“-ში მონაწილეობის დროს განხორციელებული  მათემატიკა-ქართულის ინტეგრირებული პროექტის: „ჩემი სკოლა ჩემი სახლია“ დროს მე-7-ე კლასის მოსწავლეების: “არქიტექტორების“, „მკლევარების“, „ჟურნალისტების“, „სტატისტიკოსების“ და „ბლოგერების“ მიერ შექმნილი პრეზენტაციები, სადაც მათ მიერ სრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ფოტო და ვიდეო მასალა: იდეების გენერირება, პროექტის საკითხის შერჩევა, დავალებების განაწილება, ინფორმაციის მოძიების პროცესი, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრისა თუ სხვა სიდიდეების გაზომვა, სკოლის გეგმის შედგენა, სასკოლო გაზეთის გამოშვება ამ პროექტის ფარგლებში, ბუკლეტების შექმნა და, რაც ყველაზე მთავარია, სკოლის ბლოგის შექმნა (http://dabaagara.blogspot.com)- ეს იმ აქტივობებისა და პროცესების არასრული ჩამონათვალია, რაც შემდეგ მოსწავლეებმა საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით გააფორმეს და მოახდინეს მისი პრეზენტაცია სხვა კლასის მოსწავლეების, მასწავლებლებისა  და დაინტერესებული პირების წინაშე. ამ პროექტზე მუშაობამ მოსწავლეებს გამოუმუშავა და განუვითარა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი, გუნდში მუშაობის კოლაბორაციული უნარები, საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და რეალიზაციის უნარი, საზოგადოების წინაშე პრეზენტაციის უნარი და სხვა უნარები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა სრულყოფილ  და მაღალი ღირებულებების მატარებელ ადამიანებად ჩამოყალიბებას.

მასწავლებლის მიერ ისტ რესურსების გამოყენება სადემონსტრაციოდ
  გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებისა, ისტ რესურსებით საგაკვეთილო პროცესში შესაძლებელია საკითხის ამა თუ იმ სახით ჩვენება-დემონსტრირება. მაგალითად, მე-12-ე კლასში ზედაპირის ფართობების შესწავლის დროს  ვიყენებ სივრცული სხეულების ზედაპირების ჩვენებას ონლაინ რეჟიმში. მოსწავლეები აკვირდებიან სივრცული სხეულების გაშლის პროცესს და თვალნათლივ ხედავენ,  როგორ მიიღება მათი შესაბამისი  შლილები. ასეთი დემონსტრირება ყველა კლასში უწყობს ხელს სივრცის აღქმითი უნარების განვითარებას მოსწავლეებში. ამ აქტივობის განსახორციელებლად ვიყენებ საიტს:  http://www.matematicasvisuales.com
   ასევე მერვე და მეცხრე კლასებში ფუნქციების შესწავლის დროს GeoGebra-ს  გამოყენებით მოსწავლეებმა ვიზუალურად დაინახეს, თუ როგორ იცვლება ფუნქციის გრაფიკები კოეფიციენტების ცვლილებისას.
  კიდევ ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება, სადაც მოსახერხებელია მათემატიკის სწავლა-სწავლების დროს ისტ რესურსების გამოყენება, რაც სხვა მრავალფეროვან აქტივობებთან ერთად იწვევს მოსწავლეებში პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების, სხვადასხვა უნარების ჩამოყალიბებას და განვითარებას. ისტ რესურსების გამოყენებისას მოსწავლეები აცნობიერებენ ეთიკურ/სოციალური ხასიათის პრობლემებს და იცავენ ეთიკურ ნორმებს. ბუნებრივია, ისტ რესურსების გამოყენების დროს  მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა საჭიროებები, მათი ასაკი, თითოეული მათგანის ინდივიდუალურობა, მათი ინტერესები.  რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დიდი ძალისხმევა სჭირდება, რათა მოსწავლისათვის გაკვეთილები იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი და სასიამოვნო, რაც საზოგადოების ღირსეული ადამიანის აღზრდისა და ჩამოყალიბების  საწინდარია.

                                                                            მზია დადვანი
                                                                         დაბა აგარის საჯარო სკოლა,  2014 წ.

                        გამოყენებული ლიტერატურა:

1.      გოგიშვილი, ვეფხვაძე და სხვა  მათემატიკა  V-XII კლასებისათვის, ინტელექტი, თბილისი, 2010 წ.
2.      ეროვნული სასწავლო გეგმა
3.      ინტერნეტი:
http://dabaagara.blogspot.com
4.      მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლისთვის, თბილისი, 2013
5.      კვლევები განათლების სფეროში,მზია დადვანი, 2008 წ.
6.      მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელსეწყობა საგაკვეთილო პროცესში მათემატიკის სწავლებისას, მზია დადვანი, 2013 წ.
7.      მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2011 წ.


_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __  _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

1 comment:

  1. საინტერესოდ არის შედგენილი. გისურვებთ წარმატებებს.

    ReplyDelete