Sunday 16 February 2014


მოსმენილი ტრენინგის ანგარიში

ტრენინგის სახელწოდება:

როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე

ჩამტარებელი ორგანიზაცია:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

ჩატარების ადგილი:
გორის მე-9-ე საჯარო სკოლა

ხანგრძლივობა:16 სთ.

ტრენინგის მიზანი და ამოცანები:
·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაცნობა
·         პრაქტიკული და პედაგოგიური კვლევის არსის შესწავლა
·         საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის ამოსავალი წერტილის /საკვლევი თემის განსაზღვრა
·         საკითხთან დაკავშირებული კვლევების შესწავლა და ანალიზი
·         კვლევის მეთოდების შერჩევა და ექსპერტიზა
·         მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
·         მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია
·         პედაგოგიური კვლევის დოკუმენტირება
·         პრაქტიკული კვლევა და პროექტ-გაკვეთილი
·         პროექტის შეფასების რუბრიკები
·         შესაბამისი საკითხის დოკუმენტირება
·         კათედრაზე მუშაობა
·         კოლეგებთან თანამშრომლობა
·         პორთფოლიოზე მუშაობა




                                                                                                                                                     



ტრენინგის მიმდინარეობა
 ტრენინგი 24 ნოემბერს 11 საათზე დაიწყო, ტრენინგს ხელმძღვანელობდა უაღრესად განათლებული და პროფესიონალი, ქალბატონი ნანა მონიავა. მან გაგვაცნო ოთხ-დღიანი ტრენინგის მოდული. პირველ სამუშაო დღეს ორი საკითხი განვიხილეთ:
·         პროგრამის პრეზენტაცია და მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა
·         პედაგოგიური კვლევა
 მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის განსახილველად ბევრი დრო არ დაგვიკარგავს, რადგანაც ჯგუფის ყველა წევრი კარგად იყო გათვითცნობიერებული, თუმცა ამ საკითხს კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი. რაც შეეხება მეორე საკითხს, განვიხილეთ პედაგოგიური კვლევის თავისებურებები და გავიარეთ ყველა ის ეტაპი, რითაც ხასიათდება პედაგოგიური კვლევა.
     ტრენერმა ტრენინგის მონაწილეები რვა ჯგუფად დაგვყო, აქედან შვიდ ჯგუფს გაუნაწილა პედაგოგიური კვლევის შესახებ არსებული მასალის საკითხები(რაც წინასწარ გვქონდა დარიგებული), ხოლო მერვე ჯგუფს(სამი მასწავლებელი) დაგვავალა გავცნობოდით ყველა საკითხს და პრეზენტაციის დროს გაგვეწია თითოეული მათგანისათვის ტექნიკური დახმარება, რაც გულისხმობდა პრეზენტაციის დროს შესაბამისი საკითხების სლაიდების პროექტორზე გამოტანას. პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა. ყველა ჯგუფმა გააზრებულად მოახდინა თავისი საკითხის წარმოდგენა ტრენინგის მონაწილეთა წინაშე. თანმიმდევრულად იყო წარმოდგენილი საკვლევი თემის, კვლევის ამოსავალი წერტილის შესახებ ინფორმაცია, კვლევის მეთოდების შერჩევის შესახებ, დიალოგების, ინტერვიურების, ფოკუს-ჯგუფების მეთოდის, ანკეტირებისა და სხვათა შესახებ. ასევე ერთ-ერთი წყვილის მიერ წარმოდგენილი იყო კვლევის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია.
     მეორე სამუშაო დღის საკითხები იყო:
·         პრაქტიკული კვლევა
·         პროექტ-გაკვეთილი
·         პროექტის შეფასების რუბრიკა
მას შემდეგ, რაც პრაქტიკული კვლევის შესახებ ლექციური სახით გადმოგვცა და აგვიხსნა პროექტ-გაკვეთილის შესახებ, ტრენერმა დაგვაჯგუფა საგნობრივად და გვთხოვა აგვერჩია პროექტ-გაკვეთილის ჩვენთვის სასურველი თემები ჯგუფებში სამუშაოდ. ხუთი სამუშაო ჯგუფი შედგა, მათგან მეხუთე ჯგუფი პროექტის შეფასების რუბრიკაზე მუშაობდა. თითოეულმა ჯგუფმა სახლშიც გააგრძელა მუშაობა პროექტ-გაკვეთილებზე, რათა მოეხდინათ პრეზენტაცია მესამე სამუშაო დღისთვის.
მესამე სამუშაო დღის საკითხები იყო:
·         პროექტ-გაკვეთილი (დაგეგმვა და პრეზენტაცია)
·         კათედრებზე მუშაობა და კვლევა
ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მესამე სამუშაო დღე. მას შემდეგ, რაც ჯგუფებმა კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ და შევაჯამეთ  ჩვენი  პროექტ-გაკვეთილები, მოვახდინეთ ფლიპ-ჩართებზე გაფორმება და პრეზენტაცია. პირველმა (დაწყებითების) ჯგუფმა წარმოადგინა პროექტ-გაკვეთილი: “რესურსების შექმნა“, მეორე (ქართულების) ჯგუფმა წარმოადგინა: „ფანტაზია და მარჯვე ხელები“, მესამე(ინგლისურების) ჯგუფმა - „სკოლების თანამშრომლობა მოტივაციის ასამაღლებლად“, ხოლო ჩვენმა(მათემატიკოსების) ჯგუფმა წარმოვადგინეთ პროექტ-გაკვეთილის გეგმა სახელწოდებით: „მიუწვდომელ ადგილებამდე მანძილების გაზომვა“. ამ პრეზენტაციების შემდეგ მეხუთე (ექსპერტების) ჯგუფმა წარმოადგინა პროექტ-გაკვეთილის შეფასების რუბრიკა, რის მიხედვითაც მოხდა თითოეული ჯგუფის პრეზენტაციის შეფასება . ამ რუბრიკის მიხედვით მოვახდინეთ ასევე ჩვენი ნამუშევრების თვითშეფასება.
     შესვენების შემდეგ კათედრებზე მუშაობის საკითხი განვიხილეთ. თავდაპირველად გონებრივი იერიშის გამოყენებით მოვახდინეთ იმ საკითხების გენერირება, რომელი  საკითხებიც გვაქვს ჩვენ-ჩვენ სკოლაში კათედრებზე სამუშაოდ, შემდეგ კი განვიხილეთ, კიდევ დამატებით რა საკითხების გატანა შეიძლება კათედრაზე სამუშაოდ კოლეგებთან ერთად.  განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კოლეგებთან სამუშაოდ საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ჩატარებული გაკვეთილების განხილვა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც დამყარებულია თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე.

მეოთხე სამუშაო დღის საკითხები:
·         მასწავლებლის პორტფოლი
·         ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება
მთელი ჯგუფისთვის (მათ შორის ჩემთვის) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მასწავლებლის პორთფოლიოსა და თითოეული ღონისძიების ანგარიშის მომზადებაზე მუშაობარა არის მასწავლებლის პორტფოლიო, რისთვის გვჭირდება პორტფოლიო, რისგან შედგება ის, როგორ უნდა აწარმოოს მასწავლებელმა თავისი პორტფოლიო-ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც ტრენინგის  ბოლო დღეს განვიხილეთ და შევისწავლეთ ნანა მონიავას ხელმძღვანელობით. მასწავლებლის პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტაციის აღრიცხვის ფურცელში მოცემულია იმ დოკუმენტების ნუსხა, რაც მასწავლებელმა უნდა იქონიოს პორტფოლიოს წარმოების დროს.
  ტრენინგის ბოლო დღეს გავეცანით ასევე ტრენინგის, მასტერ-კლასის, სემინარისა და კონფერენციის წერილობითი ანგარიშის ფორმას, ასევე  გაკვეთილის (ღონისძიების) ჩატარების  და კონკრეტული მეთოდის/სტრატეგიის ანგარიშის შედგენის წესს.
   დასასრულს ქალბატონმა ნანა მონიავამ გვთხოვა შეგვევსო ფორმა, სადაც უნდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი სქემის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ,ასევე იმის შესახებ, თუ რა ცვლილებებს ველოდებით ამ საკითხთან დაკავშირებით.

    ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება

·         რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თითოეული საკითხის შესახებ გარკვეული წარმოდგენა და ცოდნა მქონდა, მაგრამ ამ ტრენინგით ბევრი რამ უფრო კარგად შევისწავლე და ახლა,  ვფიქრობ პორთფოლიოზე მუშაობა უფრო მეტად გამიადვილდება. ვისწავლე, როგორ დავგეგმო პროექტ-გაკვეთილები, როგორ და რა საკითხზე ჩავატარო პედაგოგიური კვლევა, როგორ უნდა დავიწყო პორტფოლიოს შექმნა, როგორ დავწერო თითოეული ღონისძიების ანგარიში და ა. შ.
·         რა შემატა ჩემს გამოცდილებას ღონისძიებაში მონაწილეობამ?
ამ ტრენინგში მონაწილეობამ კიდევ უფრო გამიღრმავა ცოდნა ტრენინგის მოდულით გათვალისწინებული საკითხების სესახებ
·         როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
ყველა კლასის მოსწავლეებისათვის  პრობლემაზე ორიენტირებულ უფრო მეტ გაკვეთილს მოვამზადებ და განვახორციელებ, ასევე მონაწილეობას მივიღებ საგანმანათლებლო კვლევებში. უფრო მეტად ავამაღლებ ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს.
·         გეგმავთ თუ არა შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კოლეგებისათვის და როგორ?

ამ ტრენინგის მსმენელმა ერთი სკოლის პედაგოგებმა მე-მზია დადვანმა(მათემატიკოსი), ელისო მარგველაშვილმა (მათემატიკოსი) და მარინე ხარაულმა (ქართული ენა და ლიტერატურა) დავგეგმეთ პრეზენტაციის მოწყობა ჩვენს სკოლაში. მოსმენილი ტრენინგის მიხედვით უკვე დავინაწილეთ საკითხები,რომლის პრეზენტაციასაც ვგეგმავთ. ვფიქრობთ, რომ მეზობელი სკოლიდანაც მოვიწვიოთ პედაგოგები, რომლებიც ჩართული არიან მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ან უახლოეს პერიოდში აპირებენ ჩართვას.

                                                               მზია დადვანი
                                                                       30.11.12 წელი

 --------------------------------------------------------------------------------------------------------

No comments:

Post a Comment